მოსამართლეების დასანქცირება, ოპოზიციის მოთხოვნა და „ოცნების“ მორიგი ღია ბრალდებები ამერიკის ელჩს | 07.04.2023

ამერიკის მეირ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ, “ქართული ოცნება” ახლა  საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ღიად უპირისპირდება და მძიმე ბრალდებებს უყენებს. “ქართული ოცნება” ამერიკის შეერთებული შტატებისგან კვლავ მტკიცებულებებს ითხოვს და  სასამართლო სისტემაში კორუფციის ფაქტებს გამორიცხავს.

სანქციების შემდეგ, ოპოზიცია მოსამართლეთა კორუფციული საქმიანობის ფაქტების შესასწავლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  ამბობენ, რომ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და გამოძიების დაწყება სწორი პოზიცია იქნებოდა. მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები კი ხელისუფლების ოპონენტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი შეფასებით, მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან შანტაჟის ენით საუბარი ქვეყნის იზოლაციისკენ არის მიმართული.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად დაასანქცირა საქართველოს  სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე.  სახელმწიფო დეპარტამენტი “კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო” ასანქციებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და   მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვა დაუწესდათ და ამერიკაში შესვლა აეკრძალათ. 5 აპრილს გასაჯაროებულ გადაწყვეტილებას ხელს  სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აწერს.