საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ფეისბუკზე ეხმაურება კოლეგის, ლევან თევზაძის სტატუსს ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ და ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს, მასაც დაუწესონ სანქცია. მოსამართლე ლევან თევზაძემ 6 აპრილს დაწერა, რომ მოსამართლეებს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები ვერ შეაშინებთ. უვადოდ გამწესებულმა მოსამართლემ სანქციები, რომლებიც ქართველ მოსამართლეებს კორუფციულ გარიგებებში ჩართულობის გამო დაუწესდათ, “ლინჩის წესით გასამართლებას” შეადარა. თევზაძის სტატუსის პასუხად ვლადიმერ კაკაბაძემ დაწერა, რომ ეთანხმება მის მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და ქართული სასამართლოს დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტებს.
“ლევან არ შეიძლება არ დავეთანხმო შენს მოსაზრებებს მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ–ს ერთ ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“. ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა სიმართლე გითხრა აშშ–ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს. ცივი ომის „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია. დიდი ხანია გასული რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!? იმედია მეც დამასანქცირებთ!!! პატივისცემით, ვლადიმერ კაკაბაძე,” – წერს მოსამართლევლადიმერკაკაბაძე.