სანქცირებული მურუსიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს მძიმე ბრალდებებს უყენებს | 06.04.2023

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე, ლევან მურუსიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მის დასანქცირებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ კორუფციის ბრალდება არის შირმა და რეალური მიზეზი  სასამართლო ხელისუფლების მიტაცებაა.  სანქცირებული მოსამართლე  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მძიმე ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ დიპლომატიურ უწყებას იმდენად უნდა სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება, ის ამისთვის “სიცოცხლის მოსპობაზეც” წავა.  ლევან მურუსიძე ამბობს, რომ  პირადად მასთან მიდიოდნენ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები და კონკრეტულ დირექტივებს აძლევდნენ. მურუსიძის მტკიცებით, მას შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს და “საჭიროების შემთხვევაში” გამოაქვეყნებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საგანგებო განცხადება გააკეთა საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ. ქადაგიძე ამბობს, რომ დეპარტამენტის მხრიდან გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები, რაზეც ის შესაბამის მტკიცებულებებს ითხოვს.

ყოფილი მოსამართლე ვალერი ცერცვაძე, ვისაც ასევე შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსკატეგორიულად არ ეთანხმება. ყოფილი მოსამართლის შეფასებით, ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და პოლიტიკურ შინაარსს ატარებს. ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად დაასანქცირა საქართველოს მოქალაქეები და ეს ბერკეტი  სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ გამოიყენა.  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი “კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო” ასანქციებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს. ამ ოთხეულს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვა დაუწესადათ და ამერიკაში შესვლა აეკრძალათ.