საზოგადოებრივი ორგანიზაციები სანქცირებული მოსამართლეების გადადგომას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ | 06.04.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციები აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ერთობლივ განცხადებას ხელს 6 ორგანიზაცია,  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო იდეა, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია , დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი და დემოკრატიის ინდექსი აწერს.

“საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და  ვალერიან ცერცვაძის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ და მოვითხოვთ სანქცირებული  მოსამართლეების გადადგომას და მათ მიმართ გამოძიების დაწყებას.   2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. საზოგადოებრივი ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებული შესაძლო კორუფციული სქემების საკითხზე რეაგირებისკენ საქართველოს ხელისუფლებას მრავალი წელია მოუწოდებდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამგვარ ეჭვებს კატეგორიულად უარყოფდა და კრიტიკას „დამოუკიდებელ სასამართლოზე“ თავდასხმად აფასებდა. ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ:სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განმარტებაზე დაყრდნობით, აუცილებელია სრული და ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული ფაქტების და სხვა სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით,” – ნათქვამია  საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებაში.