საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს. დარჩიაშვილი გაუგებარს და მიუღებელს უწოდებს ქართველ მოსამართლეთა სანქცირებას. საქართველოს საგარეო უწყება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მტკიცებულებებს ან მათი გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.
“სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს,” – წერს ილია დარჩიაშვილი.
„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები – პირდაპირ სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი „გასვარეს“- ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ, „იმედის“ ეთერში გააკეთა. კობახიძის თქმით, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში საუბარი იყო კორუფციაზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე.