“საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოში სრულ ინტეგრაცას” | 05.04.2023

პოლარიზაცია,  სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაციის კანონი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი. მომხსენებლები წერენ, რომ  საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოში სრულ ინტეგრაცას. გავრცელებულ განცხადებაში  ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვებია ნახსენები “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”.  განცხადების ავტორების თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროსაბჭოში გაწევრიანდა მრავალი რეფორმა განხორცილედა, მიუხედავად ამისა,  კლოდ კერნი  და ედიტ ესტრელა  შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ  საქართველო ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმების პროცესს აჩერებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები ადასტურებენ, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელება, რათა მას ჰქონდეს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. კერნი და ესტრელა  ხაზს უსვამენ იუსტიციის საბჭოს შემდგომ რეფორმირებასაც. როგორც მომხსენებლები აღნიშნავენ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში. კერნმა და ესტრელამ შეშფოთება გამოთქვეს, რომ რთული იქნება დეოლიგაქრიზაციის კანონით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის შესაბამისობაში მოყვანა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ევროპული საბჭოს თანამომხსენებლები გმობენ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე გახშირებულ თავდასხმებს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისადმი მათი ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, რამაც, მათი თქმით, შესაძლოა ამ ადამიანების ფიზიკურ კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნას.

საქართველოში ვიზიტისას თანამომხსენებლები ასევე გაეცნენ მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას. განცხადებაში ისინი არ საუბრობენ საქმის სამართლებრივ ასპექტებზე, მაგრამ გამოთქვამენ შეშფოთებას მისი ჯანმრთელობის გარშემო ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციის არსებობის გამო. მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის დეპოლიტიზება უნდა მოხდეს და არსებობდეს ნეიტრალური, სანდო ინფორმაცია – ამ კუთხით კი სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, რომლებიც 27-29 მარტს საქართველოში იმყოფებოდნენ, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდნენ. ამ ვიზიტის შესახებ მომხსენებლების ერთობლივი განცხადება 4 აპრილს  მათ  ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.