დონალდ ტრამპი ბრალს არ აღიარებს – ისტორიული სასამართლოს დეტალები | 05.04.2023

34 მუხლით წაყენებული ბრალდება – ეს იმ ისტორიული სასამართლოს დეტალებია, რომელიც  ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში გუშინ დახურულ კარს მიღმა  გაიმართა.  დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, ვისაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დონალდ ტრამპი არცერთ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება საბუთების გაყალბებაშიც.  ისტორიული პროცესის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი კი სტორმი დენიელსია. საუბარია  ტრამპის ადვოკატის მიერ პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარის გადახდის საქმეზე. დენიელსი ამტკიცებს, რომ მას წარსულში ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტრამპმა დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დანიშნულება განზრახ დამალა, რითიც არჩევნებზე ზემოქმედება მოახდინა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში 4 აპრილს თავად  მივიდა. მას  თითის ანაბეჭდები აუღეს. მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ელვინ ბრეგიმ განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლო დარბაზი ისე დატოვა, რომ  მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ნიუ-იორკის მოსამართლის მიერ გათავისუფლებული ყოფილი პრეზიდენტი  ფლორიდაში გაემგზავრა და  მხარდამჭერებს მიმართა.  ტრამპის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ქვეყნის შეურაცხყოფაა. ტრამპის მტკიცებით, პროკურატურა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დამარცხებას ისახავს მიზნად.

მომდევნო სასამართლო განხილვა 4 დეკემბერს, ნიუ იორკის სასამართლოში ჩაინიშნა. სამართლის ექსპერტები თვლიან, რომ ტრამპის სასამართლო, რომელიც შესაძლოა ერთი წელიც კი გაგრძელდეს,  ამერიკის ისტორიაში ყველაზე მძლავრი პოლიტიკური შედეგების მქონე პროცესი იქნება.