სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე წარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოცხადებას საბრალდებო სკამიდან უსმენდა სოსო გოგაშვილი. სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. გოგაშვილის ოჯახის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტპატიმარია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ედებოდა სახელმწიფო საიდუმლოს განზრახ გახმაურებაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში, სამსახურებივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.