სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია – კონსილიუმის მძიმე დასკვნა სააკაშვილზე | 04.04.2023

სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას აქვეყნებს.   ესპერტების შეფასებით, სააკაშვილს   აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე , მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.  დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება. ექსპრეზიდენტი კლინიკა ვივამედში  ექიმებმა 2 აპრილს მოინახულეს.  ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: გიორგი გრიგოლიამ,  გრიგოლ ხურციძემ, გიორგი კაჭარავამ, გიორგი პაპიაშვილმა,  თენგიზ წულაძემ, ნინო ზავრაშვილმა და აიდა გოზალოვამ.

“პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია. შთაბეჭდილება: სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე 4 სტადია. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.   პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.  წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.   კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.   ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების, მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით,” – სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა.