რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. მედიკოსებს კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობის გაგრძელება და მოქმედი დირექტორის გათავისუფლება სურთ. ექიმები ამბობენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვა მოსახლეობისთვის დიდი საფრთხეა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მივიდა. ილია ღუდუშაურის განცხადებით, პროცესში სამინისტროს ჩართულობის ძირითადი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მუშაობის პროცესი არ შეფერხდეს.
უკვე ორი კვირაა მედიკოსები უცვლელ მოთხოვნებს აყენებენ. მედიკოსები შენობის დაგეგმილ დემონტაჟს აპროტესტებენ. ისინი უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს საჭიროებს. უწყება ირწმუნება, რომ საავადმყოფოს პერსონალი სამსახურისა და ანაზღაურების გარეშე არ დარჩება.