პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს და წითლიძეს ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი უთხრა | 04.04.2023

ოპოზიციური პარტია “ლელოს” დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ციხეში ლაზარე გრიგორიადისთან შესვლის ნებართვა ითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ უარი უთხრა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. პარლამენტის თავმდჯომარემ  ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი უთხრა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ანა წითლიძესაც.

პარლამენტის თავმჯდომარე  განმარტავს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მონახულების უფლება არ მისცა, რადგან საკითხის პოლიტიზირების საფრთხეს ხედავს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომლითაც ანა წითლიძეს და ანა ნაცვლიშვილს ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულების უფლება არ მისცა, აბსოლუტურად რაციონალურია.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა სასამართლოს 31 მარტს შეუფარდა.  საგამოძიებო უწყების  მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე მან  პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. ადვოკატმა ლიკა ბითაძემ გუშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.   პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.