7-9 მარტის აქციების უკან ოპოზიცია იდგა – „ქართული ოცნება“ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე | 03.04.2023

“ქართული ოცნება” 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დისკრედიტაციის კამპანიას განაგრძობს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმას არავის აპატიებენ. ღარიბაშვილმა “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ უწოდა “ანარქისტები”. პრემიერ-მინისტრის თქმით, დეგრადირებულ, ექსტრემისტულ ოპოზიციას არ უნდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ლაზარე გრიგორიადისის საქმე, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი, უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური ბრალდებების მთავარი თემაა.

პირველ აპრილს მთავრობის კანცელარიასთან 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მივიდა და დაკავებულ აქტივისტს სოლიდარობა გამოუცხადა. რასაც “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.  მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ევროდეპუტატი ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრიმინაციული და ამორალური კამპანია, რაც ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმდინარეობს.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის ასევე მიუღებელია ხელისუფლების მხრიდან, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე მორიგი თავდასხმა.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი მონიტორინგს უწევს  ლაზარე გრიგორიადისის საქმეს, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი.  კითხვაზე, ირღვევა თუ არა მისი უფლებები, როდესაც „მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსები დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებენ, იოსელიანმა უპასუხა, რომ პოლიტიკოსების განცხადებებს ვერ შეაფასებს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს,  განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც ადგილზე დაიწვა. გამოძიების მტკიცებით, ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. 21 წლის  ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.