სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის მოამზადებენ ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იოსელიანის თქმით, ამ საკითხზე კონსილიუმი ისაუბრებს. კონსილიუმის ექიმებმა ექსპრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” გუშინ მოინახულეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძემ ამბობს, რომ მათი და ომბუდსმენის კონსილიუმის შეფასებები თანხვედრაშია, თუმცა ასევე ამბობს, რომ კონსილიუმის წევრებისგან განსხვავებული მოსაზრებებიც მოისმინეს. ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა. “ვივამედის” კლინიკური დირექტორის განცხადებით, სააკაშვილი ისევ შერჩევითად იკვებება და ეს სპეციალისტებმა არაერთხელ დაადასტურეს. რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა უეცარი სიკვდილი, რაზეც კონსილიუმის ექიმებმა გუშინ ისაუბრეს, ჩხაიძე ამბობს, რომ ეს არის წმინდა თეორიული მსჯელობა და ნებისმიერი პაციენტი, ნებისმიერი დაავადებით, ამგვარი გართულებისგან დაზღვეული არ არის.