ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი, ციხეში ადვოკატმა მოინახულა. ლიკა ბითაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურ სისტემაში თმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. გრიგორიადისმა ადვოკატს ასევე უთხრა, რომ დაკავებისას მისი უფლებები პოლიციელებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. 21 წლის ახალგაზრდა ამბობს, რომ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს, გამოკითხვისას კი არ მისცეს უფლება ადვოკატთან დაერეკა. წაართვეს მობილური, დაემუქრნენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მაშინ მის მეგობარს დააკავებდნენ. უფლებადამცველის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი შეცვლილ ჩვენებას პირველივე სასამართლოზე გააჟღერებს.