„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა | 03.04.2023

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით,  დუმილის უფლებას იყენებს.  ბრალდების მხარე სწორედ  პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ ალინა კუკავას თქმით, „ბრალდებული ხანდახან აგრესიულად გამოიყურება“. მისივე განმარტებით, ბრალდებულის მშობელიც ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატის თქმით, ანზორ ლომიძე ვერ აღიქვამს მოვლენებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის სტაციონარში უნდა მოთავსდეს.

სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.