რა გეგმები აქვს აშშ-ის მომავალ ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს | 31.03.2023

“თუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დამამტკიცებენ, მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა მათ აისრულონ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში, ნატო-სა და ზოგადად დასავლურ სამყაროში ინტეგრირების ოცნება” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატში გამართულ სხდომაზე განაცხადა. დიპლომატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ელჩად დამტკიცების შემთხვევაში,  4 პრიორიტეტზე:  თბილისში აშშ-ის საელჩოს გუნდისა და საქართველოში მყოფი აშშ-ის ყველა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ურთიერთობაზე, ორმხრივ ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერებაზე, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

რობინ დანიგანმა, ისაუბრა რუსეთის მავნე ქმედებების შესახებ საქართველოში. ასევე, თქვა, რომ თვალს ადევნებდა საქართველოში “უცხოური გავლენის” კანონის მიერ გამოწვეულ პროტესტს.

დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მანამდე კი მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. პროტოკოლის მიხედვით, მოსმენების დასრულების შემდეგ ახალი ელჩი ამერიკის სენატმა უნდა დაამტკიცოს. რობინ დანიგანი, ელჩად დანიშვნის შემთხვევაში,  საქარჩევლოში აშშ-ს ამჟამინდელ ელჩს, კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც, სქართველოში, 2020 წლიდან მუშაობს.