პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავეს | 29.03.2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, ხოლო პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა.   გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა  ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა.  ჩატარებული გამოძიებით  ასევე  დადგინდა, რომ 2022 წლის 8 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში, 2002 წელს დაბადებულმა  პირმა დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო ჩანაწერის გახმაურების მუქარით, სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე მხილებული იქნა 1974 წელს დაბადებული  პირიც. გამოძიებით დადგინდა, რომ მან  უკანონოდ მოიპოვა და გახსნა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერა, გაეცნო შინაარსს და მოახდინა მიმოწერის ამსახველი ფოტოების, ე.წ. „სქრინშოთების“ გადაღება. მიუხედავად დაზარალებულის მოთხოვნისა, რომ მასალა წაეშალა, მამაკაცი  კუთვნილ მობილურ ტელეფონში მათ უკანონოდ ინახავდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი მიმოწერის საიდუმლოება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.