თაკო ჩარკვიანის განცხადება ნიკა მელიაზე და მელიას და გილაურის პასუხი | 29.03.2023

ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.  გილაური გამოხმაურა პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის იმ განცხადებას, სადაც ჩარკვიანმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან.

“ძვირფასო  მეგობრებო – 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“ :))) –  ვწერ – აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა – მართლა ვიყავი საქართელოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული :))” – წერს ნიკა გილაური.

თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმარა ნიკა მელიაც.

“თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე – ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.  დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის “დავალებით” ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.  კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ. ქვყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება.  საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!” – წერს ნიკა მელია.