პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში – რა ბედი ელის კლინიკას და იქ დასაქმებულებს | 27.03.2023

საპროტესტო აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში – მედპერსონალი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მათი განცხადებით, ისინი შენობის რეაბილიტაციის გამო, უსამსახუროდ რჩებიან. ექიმებს სურთ პასუხის მიღება კითხვაზე – რა ბედი ელის კლინიკას და იქ დასაქმებულებს, თუ საავადმყოფოს დაანგრევენ. მათივე თქმით,  კლინიკას აქვს საშუალება რეაბილიტაციის პერიოდში სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა არ შეწყდეს.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება,  რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი სამსახურის და ხელფასის გარეშე  არ დარჩება. ღარიბაშვილის თქმით, ბოლო დღეებში ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და მიზანმიმართული პროპაგანდა მიმდინარეობდა, თუმცა მღელვარების საფუძველი არ არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრის  განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.

22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის დემონტაჟი დააანონსა. ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ  პროექტი “საავადმყოფოს განახლებას” ითვალისწინებს.