ვაკის პარკის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლოს სიტყვით მიმართა. ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დანაშაულის კვალის წაშლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიების მიზანი ფორმალურად დამნაშავის გამოკვეთაა. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, გულგრილობა მძიმე დანაშაულია და არაფრის მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა.
ვაკის პარკის ახლადრებილიტირებულ შადრევანში ტრაგედია 2022 წლის, 13 ოქტომბერს დატრიალდა. მერვეკლასელებს პარკში თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად შადრევანში შესულ 3 მოზარდს დენმა დაარტყა. მომხდარის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.