ღარიბაშვილის ტრადიციული რიტორიკა, ბრალდებები ოპოზიციას და ჩხუბი პარლამენტში – პრემიერის ინტერპელაცია | 24.03.2023

დაპირისპირებით დასრულდა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა.  ირაკლი ღარიბაშვილმა  გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება  პარლამენტის დერეფანში გაგრძელდა. ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს ფეხი მოუქნია.

პრემიერ-მინისტრმა ტრადიციულ რიტორიკას არც დღეს უღალატა. საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე, 40 წუთიან გამოსვლაში  ღარიბაშვილის ბრალდებისა და კრიტიკის ადრესატები მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი ხელისუფლება, ოპონენტები, უკრაინა და ევროპარლამენტარები იყვნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობრივს და მართულს, უწოდებს 7-8 მარტის აქციებს და აცხადებს, რომ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული  აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები.  მისი თქმით, ძალადობრივი აქცია ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილს ისევ არ დავიწყებია მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა. პრემიერის  მტკიცებით, ექსპრეზიდენტის  საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, ქვეყანაში ე.წ “მეორე რევოლუციის მოხდენა” და ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო. ღარიბაშვილი  ამბობს, რომ ამ გეგმაში საქართველოს გარე და შიდა მტრები იყვნენ ჩართულნი, თუმცა, მისი თქმით, მათ წააგეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას ბოროტმოქმედს და დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედს უწოდებს. პრემიერი  ამბობს, რომ “მთავარი არხის” დირექტორის პატიმრობიდან გათავისუფლება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

“წარსულში ჩარჩენილი პრემიერი, რომელმაც  შარშანდელი მოხსენება წაიკითხა” – ასე შეაფასეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ღარიბაშვილის გამოსვლა.  მათ არ გამორჩენიათ, რომ ღარიბაშვილმა 40 წუთის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ერთხელაც არ ახსენა ომის მწარმოებელი აგრესორი ქვეყნის კონტექსტში. პრემიერს შეახსენეს ისიც რომ რუსეთის ხელისუფლების წარმოამდგენლები “ქართულ ოცნებას” მუდმივად  აქებენ. პრემიერ-მინისტრს თეონა აქუბარდიამ კითხა რას ნიშნავს უკრაინიზაცია  და ვინ არის აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ – რუსეთი თუ დასავლეთი?!

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით მივიდა.  პარლამენტის წევრების: თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, ანა ბუჩუკურის, თამარ კორძაიას, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძის და არმაზ ახვლედიანის ხელმოწერით საინტერპელაციო კითხვები პრემიერ-მინისტრს ჯერ კიდევ იანვარში გაეგზავნა.