ანალენა ბერბოკის პირველი ვიზიტი საქართველოში, შეხვედრები და კონკრეტული გზავნილები | 24.03.2023

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. გერმანელი დიპლომატი თბილისში კონკრეტული გზავნილებით ჩამოვიდა.  ანალენა ბერბოკი პირდაპირ ამბობს, რომ  საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.  განცხადებები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.  მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, რომლებიც გულწრფელად დაუჭერენ მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია ერთობლიობა. ანალენა ბერბოკის თქმით,  მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ისევე როგორც, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს ხელისუფლების გარეშე. გერმანელმა დიპლომატმა თქვა ისიც, რომ  „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ, ახლა მთავარი  ამოცანაა, პოლარიზაციის დაძლევა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა  თბილისში  ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრით დაიწყო.  მესამე სექტორის თქმით,  ბერბოკთან შეხვედრაზე, ძირითადი ინტერესის საგანი იყო 12 რეკომენდაციის შესრულება, რა ეტაპზეა ქვეყანა ამ კუთხით და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

დღესვე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრო ანალენა ბერბოკი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. გერმანელ დიპლომატს ოკუპაციის შედეგები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გააცნეს.  ადგილზე იმყოფებოდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც.