ახლადარჩეული სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი “ვივა მედის” განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სრულიად იზიარებს ყოფილი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას პოზიციას, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება შეიძლება, საშიში იყოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის. იოსელიანი ამბობს, რომ არ სურს, სააკაშვილის წინააღმდეგ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს რამაც შეიძლება მისი მდგომარეობა დაამძიმოს.
დღესვე, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა მიხეილ სააკაშივლის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. მისი თქმით, ომბუდმენის წარმომადგენელეს სთხოვეს, რომ უახლოეს დღეებში სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ. ხაჭაპურიძემ ასევე იოსელიანის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ვივა მედი” ორ კვირაზე მეტია არ აძლევს სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიებს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს რომ “ვივა მედის” განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტი ციხეში დააბრუნონ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის კლინიკა „ვივამედის“ განცხადება მოულოდნელი იყო. ხაჭაპურიძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აქედან გამომდინარე კლინიკის განცხადება გაუგებარია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს და ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის მესამე პრეზიდენტთან შესვლას მოითხოვს, რათა მათ შეაფასონ როგორია რეალურად, სააკაშვილის მდგომარეობა.
კლინიკა „ვივამედის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინიკა “იძულებული ხდება” მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. კლინიკის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში ამ გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ბოლო თვის მანძილზე სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე, რის შედეგადაც სამედიცინო ცენტრი დაუმსახურებლად იღებს “უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას” და “მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს”. „ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.