დავით კეზერაშვილს სააპელაციო სასამართლომ 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა | 21.03.2023

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.   კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვaს ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა. ნინუას ნაწილში მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიამ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.  დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო იმ მიზნით, რომ პრობლემები შეექმნას ტელეკომპანია “ფორმულას”, რომლის დამფუძნებელიც დავით კეზერაშვილია.

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით, ტელეკომპანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბოლო ინსტანციაშიც გაასაჩივრებს.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე 2022 წლის მარტში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რის საფუძველზეც დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონი  ევროს გადახდა დააკისრა. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება – წვრთნები არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა დაახლოებით 5 მილიონი  ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი.  არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დავა ტელეკომპანია ფორმულაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.