განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა | 20.03.2023

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელის შემცვლელად გიორგი ამილახვარი  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია რომ ყოფილი დეპუტატი კარგი მინისტრი იქნება.

ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი განათლების ახალ მინისტრს წარადგენდა, პრემიერი  ყოფილ მინისტრს გამოემშვიდობა.  ღარიბაშვილის თქმით მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რადგან უკვე ყოფილ მინისტრს სურს დაუბრუნდეს თავის აკადემიურ საქმიანობას. ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს მუშაობას.

მიხეილ ჩხენკელი “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში განათლების მინისტრი ორჯერ იყო. პირველად ჩხენკელს მინისტრის პოსტი 2017 წელს მხოლოდ 8 თვის განმავლობაში ეკავა. მეორედ კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში  2019 წლიდან იკავებდა. მინისტრობიდან მინისტრობამდე ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი კი მეათე მოწვევის პარლამენტში 2021 წლიდან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ამილახვარი საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლის არჩევნების შემდეგ გახდა და ის “ქართული ოცნების” პარტიული სიის მე-12 ნომერი იყო. გარდა ამისა, გიორგი ამილახვარია ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც  მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონსაც, რომელმაც ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოიყვანა, მათ შორის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.