ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა | 17.03.2023

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი. სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში, უკრაინელი ბავშვების მიმართ.

“დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის მიმართ: ესენი არიან ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და და ქ-ნი მარია ლვოვა-ბელოვა, რუსეთის ბავშვთა უფლებების დამცველი. წინასასამართლო პალატამ მიიჩნია, პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლის განცხადებებზე დაყრდნობით, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე – მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე. დაპატიმრების ორდერების შინაარსი საიდუმლოა, რათა დაცული იქნას მსხვერპლთა ინტერესები. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა უფლებების დაცვას. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სიტუაციაში განხილული ქცევა, სავარაუდოდ, გრძელდება და რომ ორდერების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობამ შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულთა შემდგომი ჩადენის თავიდან აცილებას, პალატამ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულების ინტერესებში შედის, საჯაროდ გაამჟღავნოს ორდერების არსებობა, ეჭვმიტანილთა ვინაობა, დანაშაულები, რომლებზეც ორდერი არის გაცემული და პალატის მიერ დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმები,” – ჰააგის სასამართლოს განცხადება.