დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი საქართველოში და ღია გზავნილები | 17.03.2023

“მედიისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა,” – ეს ის გზავნილებია, რომელიც  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს კლევერლი ამბობს, რომ  არსებობს რუსეთის მხრიდან საფრთხე, რომ ძირი გამოეთხაროს საქართველოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. კლევერლიმ  მოუწოდა რუსეთს  შეასრულოს ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. 2016 წლის შემდეგ ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.

“რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის სრული უპატივცემულობა თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოში, რასაც შედეგად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია მოჰყვა, ჰყოფს ოჯახებს და ართმევს ქართველებს საშუალებას, ეწვიონ საკუთარ წმინდა რელიგიურ ადგილებს, ისევე, როგორც წინაპრების მიწებს. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.  ისევე როგორც უკრაინელების შემთხევევაში, ქართველების სუვერენული უფლებაც არის თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, გარეჩარევის გარეშე და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.  1987 წელს, მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურთ, რომ ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მედიის თავისუფლების კუთხით, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად,” – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

“ფასდაუდებელია გაერთიანებული სამეფოს როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის მიმართულებით” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯეიმს კლევერლისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის  თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს, ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს.

ილია დარჩიაშვილმა ვიზიტის შემდეგ ჯეიმს კლევერლიმ პირისპირ შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯეიმს კლევერლის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას უსვამს ხაზს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ყოფილ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიასაც.  როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსულ კანონზე, ასევე ზოგადად სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ არსებულ კამპანიაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რითი შეიძლება დაეხმაროს ბრიტანეთი საქართველოს. ყოფილმა სახალხო დამცველმა კლევერლის უთხრა, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების რიტორიკა და მიზნები ერთმანეთ აბსოლუტურად აცდენილია ს.

ოფიციალური ვიზიტების შემდეგ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს კლევერლი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ჯეიმს კლვერლიმ, თბილისში ჩამოსვლამდე მოლდოვიდან დაანონსა, რომ საქართველო ინგლისის მთავრობის სახელით  ფინანსურ დახმარებას მიიღებს.  უკვე ცნობილია, რომ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი  500 000 ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ეს თანხა მოხმარდება 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო გარემო შექმნას, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევისგან.