„ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა – მწვავე გზავნილები ევროპარლამენტში – დებატები საქართველოზე | 15.03.2023

“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა – ეს მორიგი მწვავე შეფასება  ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთდა. ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ საგანგებო დებატებზე სიტყვით ევროკომისართან ერთად 30 ევროპარლამენტარი გამოვიდა. ევროპარლამენტარებისთვის თბილისში გამართული საპროტესტო აქციები იმის “მკაფიო სიგნალია”, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში უნდა. ისინი ამბობენ, რომ ახლა ამისთვის მზაობა საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა დაამტკიცოს. 45-წუთიან დებატებზე, ევროდეპუტატებისგან ისმოდა რომ საქართველოს ადგილი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ევროპაშია. მათი თქმით, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ “უცხოეთის აგენტების” კანონის წინააღმდეგ ქართველების პროტესტით.  ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პირველი იყო ვინც საქართევლოს შესახებ ისაუბრა. ევროკომისარმა განაცხადა რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მეგობრად და პარტნიორად. ევროდეპუტატები აცხადებენ რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს.  ტრიბუნიდან გაჟღერდა სანქციების დაწესების მოთხოვნაც.

ტრიბუნაზე გამოსულმა  ვიოლა ფონ კრამონმა  თქვა,  რომ საქართველოს მთავრობამ ხალხის ნებაზე წინ ერთი ოლიგარქის და კრემლის ინტერესები დააყენა.ევროდეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისულფება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟისთვის.

ლიეტუველმა დეპუტატმა, ანდრიუს კუბილიუსმა “ქართული ოცნება” “ანტიევროპულ პროვოკაციაში” და საბოტაჟში დაადანაშაულა. კუბილიუსი  სიტყვით გამოსვლისას  პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. ევროპარლამენტარმა პროპაგანდად შეფასა ღარიბაშვილის განცხადებები, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, და აღნიშნა, რომ ამგვარი პროპაგანდის კრემლშიც კი უნდა შეშურდეთ:

“თუ ევროკავშირთან დაახლოება იმიტომ გინდათ, რომ ქვები ახლოდან გვესროლოთ, ვერ შევთანხმდებით,” – ამ სიტყვებით მიმართა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. ევროდეპუტატმა “ქართულ ოცნებას” პირდაპირ უთხრა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის არჩევანი აღარ იქნება.

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, სააკაშვილის ციხეში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი.  მისი შეფასებით, აუცილებელია, ამას საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებდეს.