“ოცნების” რუსული კანონი ჩავარდნილია – საპარლამენტო ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე პლენარული სხდომა | 10.03.2023

რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩაგდებულია. ეს იყო საპარლამენტო ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე პლენარული სხდომა,  რომელიც მხოლოდ სამ წუთს გაგრძელდა და კენჭი მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უყარეს. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტის სასესიო დარბაზში ხმაური იყო. ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და სხდომა დახურულად გამოაცხადა, რასაც დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ევროკავშირის დროშა მიიტანეს და მთავარ ტრიბუნას სიმბოლურად გადააფარეს. დეპუტატებმა ასევე გაშალეს საქართველის დროშა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში 112 დეპუტატი იმყოფებოდა, თუმცა 35 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა ვერავინ გაბედა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ხმა მიეცა. ერთი მომხრე “ქართული ოცნებიდან” დიმიტრი სამხარაძე აღმოჩნდა, რომელმაც მოგვიანებით განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო.  “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით სამი დღის წინ მიიღო.  მასშტაბური საპროტესტო აქცების შემდეგ, “ქართული ოცნება” იძულებული გახდა უკან დაეხია და  კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიეღო.

ხანმოკლე იყო ბიუროს სხდომა, რომელიც სულ რაღაც 40 წამს გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროზე თქვა, რომ დოკუმენტის ავტორებისგან ცნობად მიიღეს მიმართვა იმ კანონპროექტის “გამოთხოვასთან” დაკავშირებით, რომელიც ეხება ამერიკული კანონის თარგმანს და ასევე ცნობად იღებენენ მიმართვას ავტორებისაგან, რომ გაწვეული იყოს პირველი ვერსიაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. თავად “ხალხის ძალის” დეპუტატები ბიუროს სხდომაზე არ გამოჩენილან.