“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი უკან გაიწვია. ამის შესახებ, ერთობლივი განცხადება მმართველმა პარტიამ “ხალხის ძალამ” და საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს დილით გაავრცელეს. კანონპროექტის უკან გაწვევას წინ უძღოდა მასობრივი საპროტესტო აქციები. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია რომ “უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე” გაიწვევენ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ “რუსულ კანონპროექტს”. განცხადებაში იმასაც ვკითხულობთ რომ “ემოციური ფონის” ჩაცხრომასთან ერთად საზოგადოებას უკეთესად განუმარტავენ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ “სიმართლე” გაიგოს.
მალევე, ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. “ქართულ ოცნებაში” გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე დაადასტურა რუსული კანონის გაწვევის გადაწყვეტილება.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე გააგზავნა წერილი ვენეციის კომისიაში კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ერთი კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი, ხალხის ძალამ უკვე გამოიხმო.რაც შეეხება პირველი მოსმენით მხარდაჭერ პროექტს, მდინარაძის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ, რამდენიმე საათში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დამატებითი განმარტებების გაკეთება გადაწყვიტა. კობახიძე ამტკიცებდა, რომ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან პროცედურებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს კი სპეკულაციები უწოდა.