“ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ძლიერი და მკაფიოა” | 09.03.2023

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას  უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ მიესალმებიან დასავლელი პარტნიორები, თუმცა მათი ნაწილი აცხადებს, რომ ელოდება როდის გადადგამს ოცნება სამართლებრივ ნაბიჯებს ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას უცხოური გავლენის აგენტების კანონის  გაწვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და ამაღელვებელი სანახავი იყო. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო“, – წერს ბორელი twitter-ზე.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მიესალმება ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი და აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

 „მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული სადავო კანონის გაწვევის შესახებ. საქართველოს კვლავ შეუძლია, ევროკავშირის გზაზე ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს ოლივერ ვარჰეი twitter-ზე.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება ევროპის სახალხო პარტია:

“ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ძლიერი და მკაფიოა. ხელისუფლებამ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი გაიწვია.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს საქართველოში, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და ძირს ნუ გამოუთხრიან ქვეყნის მომავლის პერსპექტივებს“, – აცხადებს „ევროპის სახალხო პარტია.

ოცნების გადაწყვეტილებას მიესალმება ევროპის ლიბერალ–დემოკრატიული ალიანსი. თუმცა, ალდე ელოდება როდის მოხდება რეალურად პარლამენტიდან კანონის გაწვევა:

“მივესალმები ქართული ოცნების დაპირებას, რომ გააუქმოს კრემლით შთაგონებული სახიფათო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას, სანამ ის რეალურად არ იქნება გაწვეული პარლამენტიდან.”

ოცნების დანაპირების შესრულებას ელოდება ევროპარლამენტარი ილჰან კიუჩუკიც:

მხარს ვუჭერთ ქართველებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მივესალმები „ქართული ოცნების“ დაპირებას, გააუქმოს კრემლის მიერ შთაგონებული სახიფათო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, მაგრამ გავაგრძელებთ დაკვირვებას, ვიდრე ის რეალურად არ იქნება გაწვეული პარლამენტში, – წერს ევროპარლამენტარი twitter-ზე.