შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის. პაპუაშვილი კლერ ბაზი მალორს პარლამენტში დარეგისტრირებულ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ვენეციის კომისიას სთხოვს, მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე.
“საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. ჩვენი ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე პარტნიორობის სულისკვეთებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ ვენეციის კომისიამ მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე. ქალბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველით აღნიშნულ საკითხზე თქვენთან თანამშრომლობას,” – შალვა პაპუაშვილის წერილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს.