ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია – ჯინ შაჰინი აგენტების კანონზე | 03.03.2023

უცხოელ აგენტებზე კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის მსგავსი – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. სენატორი ფიქრობს, რომ „ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია“. მისივე თქმით, ასეთი კანონის შედეგად რუსეთში შეიზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო არასამთავრობო ორგანიზებმა მუშაობა შეწყვიტეს. შაჰინი შიშობს, რომ „ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც“.

“ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის. ამერიკული კანონი მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ შეერთებული შტატების მთავრობაზე უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ის არ ამბობს, რომ მათ მუშაობის საშუალება და ლობირების გაგრძელება არ შეუძლიათ. უბრალოდ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ არიან ისინი და ვისთვის მუშაობენ.  ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც გამოხატეს რეალური შეშფოთება მათი ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც რიგით ადამიანებს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან მომსახურებას უწევენ, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასაცავად მუშაობენ. როდესაც ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, შეძლებენ თუ არა საქმიანობის გაგრძელებას, ამას რეალური გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე,” – ჯინ შაჰინის ინტერვიუ  „ამერიკის ხმასთან“.