ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის განხილვისას” | 27.02.2023

პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე,  „თავდაცვის კოდექსის განხილვის პარალელურად ხმაური  და დაპირისპირება იყო. დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „გირჩის“ წარმომადგენელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას მონობა უწოდა.„გირჩის“ წარმომადგენლებს აღნიშნული განცხადების გაკეთება მიხეილ სარჯველაძემ შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ ნუ დაუძახებენ მონებს მათ, ვინც სამხედრო სამსახურს ახლაც იხდიან. სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თამარ ჩარკვიანი, რომელმაც „გირჩის“ წევრების განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ მათგან საუბარი უნდა მიდიოდეს არა ჯარის გაუქმებაზე, არამედ „მაგარი ჯარის“ შეთავაზებაზე. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. მათ შორის, ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და გენშტაბის ყოფილმა უფროსმა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაიჩიბაიამ.