სრული სიცრუე, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია – შემოსავლების სამსახურის პასუხი NBC News-ს | 27.02.2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია NBC News-ის ჟურნალისტის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, კირ ჰარდი ბრენან-სიმონსის მიერ საქართველოში 24 თებერვალს მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება და განმარტავს, რომ სიუჟეტში ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ „საქართველოზე პრეზიდენტ პუტინის მომარაგების ხაზი გადის“ და „რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით თავს არიდებს“, სრული სიცრუე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციაა. უწყება „სრული კატეგორიულობით აცხადებს“, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს სრულად და მტკიცედ იცავს და ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს.

“თუ გინდათ გაიგოთ როგორ გადარჩა რუსეთის ეკონომიკა დასავლური სანქციების მიუხედავად, აქ უნდა ჩამოხვიდეთ” – ამბობს რეპორტაჟში NBC-ს ჟურნალისტი  ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, რომელსაც პირადად ესტუმრა. ჟურნალისტი აჩვენებს სატვირთო მანქანების დიდ რიგს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის მომარაგების ხაზს უწოდებს. “როგორ უვლის რუსეთი გვერდს სანქციებს” – ასე ქვია რეპორტაჟს, რომელშიც სატელიტური ფოტოები და რუსეთ–საქართველოს საზღვარზე არსებული რიგია ასახული, ჟურნალისტი ასევე იშველიებს საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს, რომელიც მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან რუსეთში ტვირთების გადაზიდვის ზრდას აჩვენებს. კადრებში ჩანს სატვირთო მანქანები, რომლებიც მსუბუქი მანქანებით არის დატვირთული და ისინი საქართველოდან რუსეთში გადააქვთ. მათი ნაწილი რუსეთში თურქეთიდან მიდის.

ჟურნალისტი გადამზიდავებსაც ესაუბრა, რომლებსაც სრულიად ახალი ამერიკული ძვირადღირებული პიკაპები საქართველოდან მოსკოვში მიაქვთ. გადამზიდავები ჟურნალისტს ეუბნებიან , რომ მანაქანების გადაზიდვას ყოველკვირეულად ახორციელებენ. ჟურნალისტმა ერთ–ერთი მანქანის საიდენტიფიკაციო ნომერი მწარმოებელთან გადაამოწმა და მიიღო პასუხი, რომ ეს მანქანა აბუ დაბიში ავტორიზებული დისტრიბუტორის მიერ კერძო კლიენტზე გაიყიდა. მწარმოებელი ამბობს, რომ მათი საქმიანობა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს შეესაბამება, თუმცა მათ არ შეუძლიათ აღკვეთონ კლიენტის მიერ მანქანის გადაყიდვა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სატვირთო მანქანების სიმრავლე არა მხოლოდ საქართველო–რუსეთის საზღვარზე შეიმჩნევა. სატელიტური ფოტოები აქტივობის ზრდას ჩინეთიდან რუსეთის მიმართულებითაც აჩვენებს და ჩინეთი რუსეთს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ჟურნალისტი რუსეთ–საქართველოს დამაკავშირებელი გზის გაუმჯობესების პროექტზე და ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზეც საუბრობს, რომელიც უკრაინაში ომამდე დაიწყო და რომლის ღირებულება ნახევარი მილიარდი დოლარია. ეს პროექტი მისი თქმით რუსეთთან ვაჭრობას გაზრდის.