ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით – კასიანოვი | 24.02.2023

“ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით” – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განეკუთვნება.  უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ასევე  ამბობს, რომ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებები არ აკვირვებს.  კასიანოვმა დღეს ასევე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპასა თუ აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

“ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის მიმართ „ქართული ოცნების” და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით.  სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა ანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს.    უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი  სამკურნალოდ ევროპასა თუ ამერის შეერთებული შტატების  წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობისა და უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინებით. ჩვენ არ ვაფასებთ სამედიცინო ექსპერტების დასკვნებს, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფიქსიროთ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, რასაც ჩვენი კონსული პირადი შეხვედრის შემდეგ ადასტურებს,” – კასიანოვი.