მმართველი გუნდის წევრების განცხადევბები რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე | 24.02.2023

“ყველა თავმოყვარე მთავრობა ჩვენსავით იმოქმედებს”- ასე ხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ომის წლისთავზე მთავრობის უკრაინაში არწასვლის მიზეზს.  ირაკლი ღარიბაშვილი არ მალავს რომ კიევში “უკრაინელი მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების” გამო არ ჩავიდნენ.  მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტსაც უპასუხა და თქვა, რომ “თუ ვინმეს კიევში მოგზაურობა სურს, ყველა ადამიანი თავისუფალია და არავის არ ზღუდავენ”. ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “გონივრული პოლიტიკით” საქართველს ომი ააცილა. თურქეთში მყოფი პრემიერი ირწმუნება, რომ ამის სურვილი “რადიკალურ ოპოზიციას აქვს”.  მთავრობის მეთაური პოლიტიკურ ოპონენტებს ისევ “ექსტრემისტებს”, “ანტიქართველებს” და “ატისახელმწიფოებრივად მოაზროვნეებს” უწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილი  ამბობს, რომ უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, საქართველოს ემოციების გარეშე  მართვა მართებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე სოლიდარობის გამოხატვა, არა კიევში ჩასვლით და უკრაინელ ხალხთან დგომით, არამედ სოციალურ ქსელში პოსტის დაწერით გადაწყვიტა. ერთ-ერთი პირველი ვინც სოციალური ქსელით  სოლიდარობა გამოხატა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  იყო. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა. მმართველი გუნდის თავმჯდომარემ უკრიანელ ხალხს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უსურვა.

“ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა! ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია 450-ზე მეტი ბავშვი. ლტოლვილად და დევნილად იქცა 16 მილიონი უკრაინელი. ომმა გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. ომის დაწყებამდე ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არდასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა. უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! Слава Україні!,” – ირაკლი კობახიძის განცხადება.