“ხალხის ძალის” კანონპროექტის ინიცირება და მიღება არის დივერსია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე – ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ პროექტს, რომლის მიხედვით უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი იქმნება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ კანონპროექტის მიღმა რეალურად “ქართული ოცნება” დგას და არანაირი ცალკე ხალხის ძალა არ არსებობს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამ კანონის მიღება მმართველი პარტიის ინტერესებში შედის, რადგან ამით ძალაუფლებას გაიხანგრძლივებენ და მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიას საშუალებების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების განეიტრალებას მოახდენენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად “ხალხის ძალის” კანონპროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის, როგორც მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას. საბოლოოდ კი არ გამორიცხავენ, რომ ორგნიზაციების დახურვა მოხდეს. მათი თქმით, ეს კანონი შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხას.
უკვე ცნობილია რომ ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანოპროექტს საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ ექნება. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ქვეყანას რუსეთთან აახლოებს. სწორედ ამიტომ ჩნდება ვარაუდი რომ პრეზიდენტი ზურაბიშივლი ამ კანონს ვეტოს დაადებს.
“ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ამასთან, “ხალხის ძალა” პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს – ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს. კანონის განხილვა კომიტეტებში მომავალი კვირიდან დაიწყება.