24 თებერვალს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ომის დაწყების ერთი წლისთავზე საკანონმდებლო ორგანოსთან, ოპოზიცონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორი, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეები კიდევე ერთხელ გამოხატავენ უკრაინისადმი სოლიდარობას და დააფიქსირებენ საქართველოს ერვოპული მომავლის ურყევ სურვილს. აქციაზე იქნება სიტყვით გამოსვლები, ჩართვები და საგანგებო მიმართვები.
24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქცია სამმა პოლიტიკურმა ძალამ – “დროამ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და ზურაბ ჯაფარიძის “გირჩმა” სამოქალაქო საზოგადოების ნაწილთან ერთად ერთი თვით ადრე დააანონსეს და პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას მათ ინიციატივასთან შეერთებისკენ მოუწოდეს. პარტიების ნაწილი აქციას უერთდება. მათ შორის “ნაციონალური მოძრაობასთან” ერთად გახარიას პარტიაც არის.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ 24 თებერვლის აღნიშვნას მნიშვნელოვნად თვლის აქციას არ უერთდება მათ შორის არის “ლელო”. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების მხრიდან პასუხისმგებლიანი მიდგომა ვერ დაინახეს. “ლელოს” ლიდერები 24 თებერვალს უკრაინაში იქნებიან, სადაც რადას წევრებთან შეხვედრებს გამართავენ და იქაურ ღონისძიებებს დაესწრებიან.
განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო “ევროპულმა საქართველომ”. ის სამი პარტიის მიერ გამოცხადებულ აქციას არ უერთდება, თუმცა 24–ში საღამოს შვიდ საათზე რუსთაველის გამზირზე მაინც მივა. “ევროპული საქართველო” საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად რუსთაველის ძეგლიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას შეუერთდება.
პარტიების განსხვავებული პოზიციების მიუხედავად უკრაინის მხარდამჭერ აქციას უერთდებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ისინი თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიუკრაინული და ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისადმი სოლიდარობა და საქართველოს პროდასავლური კურსის მხარდაჭერა უნდა გამოხატონ.