უცხოური გავლენის აგენტები – დავა “ხალ;ხის ძალის” კანონპროექტზე გრძელდება | 22.02.2023

მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით არა ამერიკული ანალოგის, არამედ „ხალხის ძალის“ მიერ დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერისკენ იხრება. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა. როგორც ირაკლი  კობახიძემ აღნიშნა, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან, ამერიკული კანონი კი არა.

მართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია „ხალხის ძალას“ ინგლისურს უწუნებს, სირცხვილია.  ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი არიან კოლექტიური “ქურქუმალ ვაითი” და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას.

“ხალხის ძალის” მიერ მომზადებული კანონპროექტი  ოპოზიციური სპექტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია და მას რეპრესიულს უწოდებენ.

“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატების  მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ამასთანავე, „ხალხის ძალა” პარლამენტს უკვე რეგისტრირებულ პროექტთან ერთად ალტერნატიულ პროექტს – ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, მათ იმედი აქვს რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ალტერნატიულ პროექტს – “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რაც იქნება სრულად ამერიკული ანალოგი.