უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედვად ბიურის სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტირებულია.
ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ კანონპროექტს ოპოზიციის გარდა კრიტიკული შეფასებები მოჰყვა დასავლეთის მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ქართული ვარიანტი ამერიკაში არსებულ მსგავს კანონთან შედარებით, გაცილებით ლიბერალურია. “ხალხის ძალაში” ამბობენ, რომ კანონპროექტი დაუსაბუთებელი კრიტიკის ობიექტი გახდა. მათი შეფასებით, პროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან.
ოპოზიციური სპექტრისთვის ეს კანონი კატეგორიულად მიუღებელია და მას რეპრესიულს უწოდებენ. ამბობენ, რომ ღიად ანტიდასავლური და ანტიდემორკატიული კანონპროექტი, 2 მიზანს ემსახურება – ქვეყანაში კრიტიკული აზრის გაქრობას და ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების საბოტაჟს.
“სიმართლის გეშინიათ”, “სოზარ, შენც აგენტი ხარ”, “არა, რუსულ კანონს”- ფურცელზე ამობეჭდილი ამ შინაარსის ტექსტებით, ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა, პარლამენტში, ბიუროს დარბაზთან უცხოური გავლენის თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტი გააპროტესტეს. მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჟურნალისტების მდგომარეობა გაუარესდება.
შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.