“რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა” | 20.02.2023

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის მტკიცებით,   რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უფრო ნაკლები ადამიანი წავიდოდა, ვიდრე დაბრუნდებოდა. კობახიძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გამოაქვეყნა განცხადება,  სადაც წერს რომ საქართველოს “დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას რეალური ზრუნვა” სჭირდება.  Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან, ასევე, ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავიზო პოლიტიკაზეც. მისი თქმით, ამერიკა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს.

“ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71%, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37პროცენტი%დააკმაყოფილარა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან ამერიკაში ქართველების მიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს. ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული,” – წერს ირაკლიკობახიძე.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსის შემდეგ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დამატებითი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ქვეყნიდან ადამიანების მიგრაციასთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟია შექმნილი. მმართველი პარტიის ლიდერი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტაა. კობახიძის  თქმით, ეს ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის მორიგი პროვოკაციაა, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ამ პროვოკაციებს აჰყვება.