პროკურატურა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს – სასამართლო პროცესი | 20.02.2023

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას პირველად  დაესწრო ბრალდებული ბადრი ესებუაც. პროკურატურა „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.  შუამდგომლობა პროკურორმა მირანდა წერეთელმა სასამართლო პროცესზე დააყენა. პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან ბადრი ესებუა ძებნაში იმყოფებოდა, მისგან ხმისა და სუნის ნიმუშების აღება ვერ განხორციელდა, რის გამოც, ოდოროლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. სასამართლო პროცესი 22 თებერვლისთვის გადაიდო.  სხდომის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. კერძოდ, ადვოკატმა პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობებზე პასუხის გასაცემად დრო და ბრალდებულთან კონსულტაციის გავლა ითხოვა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა 2 წლიანი ძებნის შემდეგ,  8 თებერვალს ზუგდიდში დააკავეს.