“ამუშავებულია ძალა, რომელიც ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მივიჩნევ” | 20.02.2023

პრეზიდენტი “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატების “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.  პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ესკანონი საქართველოს რუსეთის მანკიერ მოდელთან აახლოვებს. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ამუშავებულია ძალა, რომელიც ქართულ ინტერესად ევროპულ გზას არ მიიჩნევს.

“სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს. და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს,” – სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადება.