ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა | 17.02.2023

ვაკის პარკში, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, “გრინსერვისი +”-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, “მშენ-ექსპერტი”-ს დირექტორსა და ექსპერტს პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. უწყების ცნობით, გრინსერვისი+-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს ბრალდება დაუმძიმდა უხარისხო სამუშაოების შესრულების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე; გრინსერვისი+-ის თანამშრომელს – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე და მშენ-ექსპერტის დირექტორს და კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გასაღებაზე.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი,  მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ორმა მათგანმა კი დაზიანებები მიიღო.  რამდენიმე დღეში, 18 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 წლის მარიტას ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაღუპვის საქმეზე 9 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან “გრინსერვისი +”-ის  დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა.