მარცხის ფონზე რუსეთმა შესაძლოა ტერიტორიების გაფართოება საქართველოს ტერიტორიების ანექსირებით სცადოს | 16.02.2023

რუსული და ოსური ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები 22 თებერვალს მოსკოვში ვიზიტს  გეგმავენ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირად შეხვედრებს გამართავენ. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ უკვე მოსკოვში იმყოფება, სადაც 14 თებერვალს ჩავიდა.  რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი ლუკაშენკოსთან შესახვედრად ემზადება. რუსი ექსპერტები ასკვნიან, რომ ამ შეხვედრების შედეგად შესაძლოა ამ სამ რესპუბლიკაში გამოცხადდეს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ ან ინტეგრაციის სხვა ღონისძიება.

პუტინი 22 თებერვალს ფედერალურ ასამბლეაში გამოსლას გეგმავს. ექსპერტების აზრით,  ერთ–ერთი, რაზეც პუტინს სავარაუდოდ საუბარი სურს, უკრაინაში მიღწეული წარმატებებია. სწორედ ამით ხსნიან ექსპერტები მის დაჟინებულ შეტევებს ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით რუსულმა ძალებმა აქ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა პუტინმა თავის გამოსვლაში მობილიზაციის ახალ ტალღა ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოაცხადოს უკრაინასთან დაკავშირებით.

გასულ წელს პუტინმა რამდენჯერმე გადადო თავისი ტრადიციული გამოსვლა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში , სავარაუდოდ იმ იმედით, რომ საზეიმოდ გამოაცხადებდა რუსეთის მთავარ გამარჯვებებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ უკრაინაში თუნდაც მცირე გამარჯვების მომენტი ვერ დადგა.  სწორედ ამ ფონზე გააქტიურდა საუბრები იმაზე, რომ უკრაინაში მარცხის ფონზე რუსეთმა შესაძლოა საკუთარი ტერიტორიების გაფართოება და უკრაინული მარცხის გადაფარვა საქართველოს ტერიტორიების ანექსირებით სცადოს. რამდენიმე მნიშვნელოვანმა წყარომ არ გამორიცხა, რომ პუტინი 21 თებერვლის მიმართვაში პოსტსაბჭოთა სივრცის ინტეგრაციის თემასაც შეეხება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 თებერვალს მოსკოვში, სპორტკომპლექს “ლუჟნიკებზე“ კონცერტი–მიტინგი იგეგმება, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც დაესწრება. არ არის გამორიცხული, სცენაზე მის გვერდით აფხაზეთისა და ცხინველის ლიდერებიც ვიხილოთ და სწორედ აქ გამოცხადდეს საზეიმოდ კრემლის ახალი გეგმა საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით.