რას ამბობს კალაძე რუსულ ენერგოგიგანტთან Inter Rao-სთან წაგებულ 76-მილიონიან დავაზე | 15.02.2023

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან – Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში მიმდინარეობდა.

საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი პარალელური საინვესტიციო დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

Inter Rao თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს ფლობს. გარდა ამისა, ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით ფლობს საქართველოში  ორჰიდროელექტროსადგურს, “ხრამჰესი 1–ს” და “ხრამჰესი 2″–ს.

დავა კომპანიასა და საქართველოს ხელოსუფლებას შორის 2017 წელს ტარიფთან დაკავშირებით დაიწყო.  კომპანია საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღურებას ითხოვდა.ინტერ რაო ამტკიცებდა, რომ საქართველომ საინვესტიციო შეთანხმების პირობები დაარღვია, ელექტროენერგიის ტარიფები არ გაზარდა და ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალი არ აუნაზღაურა. საქართველოს ხელისუფლება კი მიიჩნევდა, რომ ტარიფები სწორად იყო განსაზღვრული.

2021 წლის დეკემბერში, საქართველოს რუსული კომპანიის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა სტოკჰოლმის არბიტრაჟმა დაავალა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მაშინ „ინტერ რაო“ 200 მილიონს ითხოვდა, არგუმენტების წარდგენის შემდეგ კი თანხა 80 მილიონამდე შემცირდა.

ჯერჯერობით უცნობია ორი წაგებული დავიდან რომლის თანხის გადახდა მოუწევს საქართველოს. არსებული განმარტებით ქვეყანას არა ორივეს, არამედ, ერთ-ერთი დავის თანხის გადახდა მოუწევს, რადგან შეკრებითობა არბიტრაჟის შემთხვევაში არ ხდება.