ხელოვანები ეროვნული გალერეადან საკუთარი ნამუშევრების გატანას ერთიმეორეს მიყოლებით ითხოვენ | 14.02.2023

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენა “ავტოპორტრეტი სარკესთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის ნიშნად პროექტში მონაწილე 8 მხატვარმა მოისურვა ნამუშევრების ამოღება. მათი თქმით, ნამუშევრების წაღება ხელშეკრების გათვალისწინებით შეუძლებელია.  მუზეუმი ამბობს, რომ გამოფენა 12 მარტის ნაცვლად 20 თებერვალს დასრულდება. განცხადებაში წერია, რომ ეროვნულმა გალერეამ ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება. მუზეუმის მტკიცებით, “სწორედ მხატვრების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ემსახურება ხელოვნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ ზოგიერთმა მხატვარმა ეს შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელოვანები ეროვნული გალერეადან საკუთარი ნამუშევრების გატანას ერთიმეორეს მიყოლებით  ითხოვენ. ანდრო დადიანი,  საბა გორგოძე, შოთიკო აფციაური – ის ადამიანები არიან, რომლებმაც ეროვნული გალერეიდან ნამუშევრების გატანა მხატვარ სანდრო სულაბერიძის სოლიდარობისა და გამოფენის გარშემო, მიმდინარე მოვლენების მიმართ პროტესტის ნიშნად მოითხოვეს.  მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ პრეზიდენტის სასახლიდან ნახატები გაიტანა, ხელოვანი ანდრო დადიანი სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციას თავის ნამუშევარს გადასცემს.

“ეროვნულ გალერეაში ახლა მიმდინარე გამოფენაზე ჩემი ავტოპორტრეტიცაა გამოფენილი, ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებული ამბავი სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი ცხოვრების კონცეფციის გაგრძელება-არგაგრძელებას და ვირჩევ სიცოცხლის, ხელოვნების, ცოტნე დადიანის ენას, – სანდროს გვერდით დგომას და მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან ამჟამინდელი კულტურის პოლიტიკის პროტესტისა და სანდროს სოლიდარობის ნიშნად. ეს დღეები ტრიალებდა აზრი, რომ მთლიანად გამოფენა მოიხსნებოდა და მეც ამ დრომდე ველოდი განცხადებას ამის თაობაზე, მინდოდა ჯგუფურ გამოფენაში ჯგუფის, გუნდის პრინციპით ვყოფილიყავი და ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება გამოფენის დასრულებაზე. ყველა ადამიანის ინდივიდუალური ტემპი აქვს ფიქრის და მინდოდა კურატორისთვის გამომეცხადებინა ჩემი დიდი სიყვარული და თანადგომა საფიქრად მიცემული დროით და ჩემი სიჩუმით. კალენდარსაც თავისი ტემპი აქვს და შეგვიწყო ხელი იმან, რომ დაემთხვა შაბათ-კვირა და ორშაბათი (რომელიც გალერეებისთვის არასამუშაო დღეა), ეს დრო საკმარისია ალბათ გადაწყვეტილების მისაღებად, ჩემთვის კი, საკმარისი ნერვიული საათები. სულიერი გადარჩენის მიზნით, ინდივიდუალურად ვაკეთებ განცხადებას, რომ კურატორის საქმის კურსში ჩაყენებით და კანონიერი გზით მომაქვს ჩემი ავტოპორტრეტი გალერეიდან, – განცხადებით, იურიდიულად, ყოველგვარი ხმაურის, პერფორმანსის და ტელევიზიების გარეშე,” – წერს ანდრო დადიანი.

4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა – “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, რასაც ხელოვანების და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.  აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში  კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში ექსპინატების წასაღებად მივიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მომხდარი პოლიტიკურ თავდასხმად შეაფასა.