საქართველოს ხელისუფლების სამძიმარი თურქეთს | 10.02.2023

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა.

“მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს.  საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს,” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

თურქ კოლეგას მიუსამძიმრა თავდაცვის მინისტრმაც. ჯუანშერ ბურჭულაძემ  მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მან თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. თავდაცვის სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოხატა მინისტრის მოადგილემაც. დავით სუჯაშვილი თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა და მეგობარ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.