ირაკლი კობახიძის განცხადებებს „სამარცხვინოს“ უწოდებს დევიდ კრამერი. „ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის“ გლობალური პოლიტიკის დირექტორი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადება ისე ჟღერს, თითქოს, ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს, რაც კრამერის აზრით, სამარცხვინოა. ომის დაწყების შემდეგ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ უწოდეს ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ აბსურდული. ნარატივი, რომელსაც ვაშინგტონში „რუსულს“ უწოდებენ, საქართველოში გარკვეული დროის განმავლობაში შესუსტდა, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, “საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში”, ვაშინგტონში ეს განხილვები განაახლა. მათი თქმით, საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს, განსაკურებით კი ამერიკას. კრამერის ინტერვიუს ამერიკსი ხმა ავრცელებს.
“თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს,” – დევიდ კრამერის ინტერვიუ “ამერიკის ხმასთან”.
ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ყოფილი დიპლომატი დენიელ ფრიდი კი ირაკლი კობახიძის განცხადებას „დაუსაბუთებელს“ უწოდებს.
„ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ. მას პუტინი მართავს. მან დაიწყო და აგრძელებს ამ ომს. არსებობს იმ ადამიანების კოალიცია, თუ გნებავთ პარტია, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ გადარჩენისთვის ბრძოლაში. მათი უმეტესობა საქართველოს უჭერდა მხარს 2008 წელს. ნუთუ ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მაშინ შევცდით? რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ის ჩვენს უკრაინისადმი მხარდაჭერას ეწინააღმდეგება,” – დენიელ ფრიდის ინტერვიუ “ამერიკის ხმასთან “.